წელს ფასების ზრდის რისკი მეტი იქნება, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მისი შეფასებით, ლარის დევალვაციისა და ფასების ზრდას შორის, რისკი ფასების ზრდაზე უფრო მაღალია.
"ფასების ზრდის რისკი მეტი იქნება. თუმცა ნეგატიური ფაქტორების გადაცემა არ ხდება მყისიერად და ეს თვეების შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს. რაც შეეხება ლარს, მან უკვე განიცადა კორექცია ახალ ნიშნულზე, ანუ ბაზარმა "გამოასწორა" შარშან ეკონომიკაში დაშვებული შეცდომები და მოიყვანა საგადამხდელო ბალანსი წონასწორობაში. იგი ხელახლა რომ „დაიძრას", როგორც იურისტები იტყვიან, „ახალი გარემოებებია" საჭირო", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოცირიძე და აღნიშნავს, რომ „ახალი გარემოებები" შეიძლება იყოს ერთი მხრივ, ფულის მასის ზრდა და მეორე მხრივ, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუარესება. "ეს უკანასკნელი იყო ახლახან, ნოემბერში ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი".
მისივე განმარტებით, მთავარობის განმარტება, რომ ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი საგარეო ფაქტორები იყო, ეს მთავრობის შეცდომების გადასაფარავად იყო ნათქვამი.
"საგარეო ფაქტორი, ანუ დოლარის გამყარება მსოფლიო ბაზარზე, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გაუფასურება იყო დამამძიმებელი, და არა არსებითი ფაქტორი. ჩვენი სტატისტიკის სამსახური უფრო ოპერატიულად რომ მუშაობდეს, უფრო ადრე იქნებოდა გაცემული შეკითხვებზე პასუხი და რეაგირებაც უფრო ადეკვატური იქნებოდა.
ახლა უკვე ვიცით, რომ ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ნოემბერში, მკვეთრად გაუარესდა სავაჭრო ბალანსი. ზედიზედ ოთხი თვე კლებულობდა ექსპორტი. განსაკუთრებით ცუდი იყო ნოემბრის თვის მაჩვენებლები. ექსპორტმა იკლო მთელი 35 პროცენტით, რაც არ მახსენდება როდის მოხდა ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. იმატა იმპორტმა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი. ბოლო თვეებში იკლო შემოსავლებმა ტურიზმიდან, რაც გაუაზრებელი სავიზო შეზღუდვების შედეგი იყო. შემცირდა ოქტომბერ-ნოემბერში სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით რუსეთოდან ვალუტის გადმორიცხვა. შემცირდა სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობა( ძირითადად, რკინიგზის მუშაობის გაუარესების ხარჯზე). გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესის არასწორად წარმართვიუს გამო ვერ შემოვიდა დროზე უცხოური გრანტები და კრედიტები, რომელიც ბაზარზე ვალუტის მუწოდების დამატებითი წყარო უნდა ყოფილიყო. და რაც ძალზე დამაფიქრებელია, ნოემბერში 0,5 პროცენტით იკლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ყოველივე ეს დაგროვდა, რასაც საგარეო ფაქტორებიც დაემთხვა და შედეგად მივიღეთ ლარის სწრაფი დევალვაცია. ეს შეცდომები არ უნდა გამეორდეს მიმდინარე წელს. ლიბერალური კურსისაგან გადახვევამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგები შეიძლება გამოიღოს", - განაცხადა გოცირიძემ.