პარიზში, მაიოლის მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა პარიზში 2014 წლის 16 სექტემბერს გაიხნსა და 2015 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან.
მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.
დავით კაკაბაძე - (20 აგვისტო, 1889 - 10 მაისი, 1952) ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია სილქნეტი.