14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან ბერძენიშვითან, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა ბარათაშვილთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ლატვიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპულ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პარლამენტის წევრებთან. ისინი ასევე, შეხვედრებს გამართავენ ეუთოში, ნატოში და ბალტიის ქვეყნების ასამბლეაში ლატვიის საპარლამენტო დელეგაციების წევრებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიაში საქართველოს საელჩოს, ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტისა (LIIA) და ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის განვითარება: ლატვიის, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გამოწვევები".
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის გამოცდილებას გაეცნობიან.
ვიზიტი, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი საპარლამენტო პროექტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება, 17 დეკემბერს დასრულდება.