საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, უკრაინული მხარის თხოვნით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შორის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტულობასა და ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსივობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეექვსე სხდომისა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ აქტუალურ საკითხებზე კონსულტაციების გამართვის შესახებ.
უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.