". მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი, "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვში აფხაზებისა და ოსების არაერთი ჯგუფი არსებობს და იგი შეხვდება იმათ, ვინც შესაბამის მზადყოფნას გამოთქვამს.
ნოღაიდელის განცხადებით, იგი ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამჟამად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წინასაარჩევნო სიტუაციაა.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსი მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპებზე უნდა იყოს განხილული. მისი თქმით, პირველ რიგში, საუბარი უნდა იყოს ომის განახლების დაუშვებლობაზე და ძალისმიერი გზით კონფლიქტის გადაწყვეტის მიუღებლობაზე.
"უდავოა, რომ ამ საკითხებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული და, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ მართლაც კონკრეტულად იყოს დაკავებული", _ მიიჩნევს ნოღაიდელი.
მისი თქმით, არსებობს ჟენევის ფორმატი, გარკვეული მოლაპარაკებები იმართება, მაგრამ ისინი მდორედ მიმდინარეობს და ის განსაკუთრებულ სწრაფვას ვერც ქართული და რუსული, ვერც აფხაზური და ოსური მხრიდან ვერ ხედავს.
"არ მინდა ვთქვა, რომ რაღაც კონკრეტული წინადადებები და რეცეპტები არ გვაქვს, მაგრამ ახლა რაიმე რეცეპტის მიცემა არ მსურს, რადგან საქართველოს ჰყავს კონკრეტული მთავრობა და ამით კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ დაკავებულნი. მე, უბრალოდ, იმის ხაზგასმა მსურს, რომ მოლაპარაკებებში პირველი საკითხი ომის თავიდან აცილება, კონფლიქტის ძალოვან გადაწყვეტაზე უარის თქმა უნდა იყოს. უნდა შეიქმნას კონკრეტული გარანტიები, რათა ასეთი სიტუაცია აღარ განმეორდეს", _ აღნიშნავს ნოღაიდელი.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ლტოლვილების დაბრუნება.
"წინათ, როდესაც ამ საკითხს ვიხილავდით, ლტოლვილების დაბრუნება წინაპირობად სახელდებოდა. ახლა ამის გაკეთება უაზრობაა. რა თქმა უნდა, დევნილების საბოლოოდ დაბრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ის უნდა გახდეს მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი. თუმცა, არა მისი წინაპირობა", _ აცხადებს ნოღაიდელი.
მოლაპარაკებების პროცესში მეორე პუნქტად მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების აღდგენას ასახელებს.
"არა მხოლოდ ადამიანი ადამიანთან, არამედ ტერიტორია ტერიტორიასთან - დანარჩენი საქართველო აფხაზეთთან, დანარჩენი საქართველო სამხრეთ ოსეთთან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია", _ აღნიშნავს ნოღაიდელი.
მისი თქმით, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის გზით უნდა მოხდეს იზოლაციიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყვანა. მართალია, დღეს ისინი სრულ იზოლაციაში არ იმყოფებიან და ვაჭრობენ რუსეთთან, მაგრამ უნდა აღდგეს მათი კავშირები დანარჩენ საქართველოსთან, დანარჩენ სამყაროსთან. ნოღაიდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს სატრანსპორტო მომოსვლის აღდგენას.
"მაგალითად, უნდა აღდგეს საავტობუსო მიმოსვლა ცხინვალსა და თბილისს შორის. ან სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორც ეს 20 წლის წინ იყო. ასევე უნდა აღდგეს სხვა სახის სატრანსპორტო კავშირები. აუცილებლად უნდა დადგეს დრო, როდესაც სოხუმის აეროპორტიდან თვითმფრინავები იფრენენ და მინდა, პირველი რეისი შესრულდეს არა მოსკოვში, სტამბოლში ან ბრიუსელში, არამედ თბილისში", _ აცხადებს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი.