"ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის მიერ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ დაადასტურა, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა.
"ბატონმა მერაბიშვილმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვებისთვის, ანუ საჭიროების შემთხვევაში მას გააყალბებს. მინდა მას ვუპასუხო, რომ არაფერი გამოუვა და მისი დრო გავიდა, როგორც ბატონი სააკაშვილის. მათ ძალიან მალე მოუწევთ ძალაუფლების ხალხისთვის დათმობა", - განუცხადა დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, დავითაშვილი შს მინისტრის მიერ იმის პროგნოზირებას, რომ "ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციას არაფერი გამოუვა", "გაუმართლებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის მიერ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ადასტურებს, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა.
"შს მინისტრის მიერ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება გაუმართლებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტირანიის და დიქტატურის პირობებში, როცა საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, როცა ჩვენი პარტნიორებიც კი ამ ქვეყანას ერთ დიდ ციხედ მიიჩენევს და პატიმრებს გუანტანამოდან გვიგზავნიან, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ პოლიციის მინისტრმა თავს უფლება მისცა მომავალი არჩევნების შედეგები იწინასწარმეტყველოს", - განმარტა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველოს შს მინისტრი ბევრ სხვა საკითხთან ერთად ქვეყანაში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციას გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.