"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი და საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე კონსულტაციების ფარგლებში დღეს "ლეიბორისტების" ლიდერ შალვა ნათელაშვილს შეხვდებიან.
შალვა ნათელაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა ისევ თბილისის საკრებულოს ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და გამარჯვების ერთიანი ფორმულა იქნება. სუბარის თქმით, ეს, სავარაუდოდ, კონსულტაციების ბოლო შეხვედრა იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიზნით ოპოზიციურ ძალებთან სუბარი-გაჩეჩილაძის კონსულტაციები უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" მზადაა საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების დასახელებაზე უარი თქვა და ეს პრივილეგია სხვა ოპოზიციურ ძალებს დაუთმოს, თუკი ისინი თბილისის მერის არჩევნებში მხარს ირაკლი ალასანიას დაუჭერენ.
როგორც ცნობილია, ლეიბორისტული პარტია თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, მაგრამ სუბარის განმარტებით, შალვა ნათელაშვილის გუნდს შეუძლია საკუთარ მხარდამჭერებს თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას, საკრებულოს არჩევნებში კი ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს, თუკი ასეთ კანდიდატზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.