საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებას ოპოზიციისაგან არავითარი "სიურპრიზი" არ ელის.
გაზეთ "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი დიდია, "მეტიც მსოფლიოში ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც მმართველი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში 64 % იყოს".
"და ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ უკვე კარგად დაანახა ყველას თუ რას წარმოადგენს იგი", _ აცხადებს მერაბიშვილი და ხელისუფლების ასეთი წარმატების მიზეზად პირველ რიგში რეფორმების წარმატებით განხორციელებას ასახელებს.
"ქალაქის ახლანდელ მერს გიგი უგულავას 64 % რეიტინგი აქვს, მეორე კანდიდატს _ ალასანიას 9 %, მესამე _ თოფაძეს 6 % ხოლო გაჩეჩილაძეს კი 2, 6 %. თუმცა ოპოზიციას სხვა ციფრები აქვს", _ აცხადებს მინისტრი და რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება გაჩეჩილაძეს ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდეს მაშინ როდესაც 2008 წლის იანვარში მან თბილისის მასშტაბით სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო, მინისტრი ასე პასუხობს: "ყველაფერი ხდება, იუშჩენკომ მაგალითად 5 წლის წინანდელი მყარი გამარჯვების შემდეგ ახლა მხოლოდ ხმათა 5 %-ის შეგროვება შეძლო".