ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, თუ ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალურ მოსკოვთან დაახლოებაში ბერლუსკონის ხელი ურევია მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესასწავლია. ამის შესახებ ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "მილანის" ქართველი ლეგიონერის კახა კალაძის ექს-პრემიერის ზურაბ ნოღაიდელისთვის რუსეთში სილვიო ბერლუსკონის მიერ შესაძლო "გზის გაკვლევაში" დახმარების კომენტირებისას განუცხადა.
"თუ ბერლუსკონის კალაძის ფაქტორის გათვალისწინებით მეტი საქმე აღარ დარჩა იტალიაში და ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრების მოწყობითაა დაკავებული, მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესასწავლია და სასწრაფოდ დიაგნოზია დასასმელი. თუმცა, თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ გასაკვირი არაფერია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, კალაძე-ნოღაიდელის პოლიტიკურ ალიანსში შეკითხვებს ის ფაქტი იწვევს, რომ სანამ ნოღაიდელი ძალიან ჩუმი ოპოზიციონერი იყო და მას ოპოზიციური სპექტრიდან არავინ იკარებდა მის და კალაძის ბიზნეს პრობლემები შეექმნა.
"ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა კალაძის ინვესტიციის გადავადების საშუალება არ მისცა, რის გამოც საფრთხე მის რამდენიმე მილიონს დაემუქრა, ხოლო მას შემდეგ რაც ნოღაიდელმა ოპოზიციონერის, ხულიგანი პოლიტიკოსის მანტია მოირგო და ხელისუფლების გინება დაიწყო ახალი ეკონომიკის მინისტრი უკვე კახა კალაძეს ყველა მოთხოვნას უსრულებს, მადლობის ნაცვლად მან ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, რომელსაც პოლიტიკური ელფერის მატარებელი იყო", - აღნიშნა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე პოლიტიკაში მიდის და ზურაბ ნოღაიდელის გუნდს შეუერთდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერს რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან შეხვედრებში მას კალაძე იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საშუალებით დაეხმარა.