"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შეუმუშავებლობის გამო აკრიტიკებს.
"არ მეგონა, თუ ისეთი კატაკლიზმების შემდეგ, რაც აგვისტოს ომმა შექმნა, ხელისუფლება უსაფრთხოების ახალ კონცეფციას არ მოამზადებდა, მაგრამ, როგოც ჩანს, მან ამისთვის ჯერ ვერ მოიცალა. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ და არ გააკეთა არაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია რა შეცდომები დაუშვა გასული წლის აგვისტოში, რაში ხედავს გამოსავალს, რომ ქვეყანა იმ უმძიმესი ტრაგედიიდან გამოვიდეს, რომელშიც ამ მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა", - განაცხადა ბურჯანაძემ დღეს "ქორთიარ-მარიოტში", სადაც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
მისივე თქმით, ომგამოვლილი ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ შეცვალა.