პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე მხოლოდ დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.
"ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე უარის თქმის შესახებ უკრაინის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოზე არავითარ უარყოფით გავლენას არ მოახდენს. პირიქით, ამან შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედოს იმ თვალსაზრისით, რომ თუკი ალიანსს აღმოსავლეთით გაფართოება მართლა სურს, პროცესიდან უკრაინის გათიშვის შემდეგ საქართველო უალტერნატივო ქვეყანა გახდა. ასე რომ, ახლა ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკურ ნებასა და იმაზეა დამოკიდებული, რამდენაც ძლიერია ნატოზე რუსეთის ზეგავლენა ", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ახალი ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც გუშინ გახმოვანდა, პოლიტოლოგის შეფასებით, "ამაში სენსაციური და მოულოდნელი არაფერი ყოფილა".
"უბრალოდ, ოფიციალური ხასიათი მიიღო იმან, რაც ისედაც კარგად იყო ცნობილი არა მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, არამედ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდშიც. უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ალიანსისთვის კი გაფართოების მთავარი პარამეტრი სწორედ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის პოზიციაა. მთავარი კრიტერიუმი - მოსახლეობის სურვილი უკრაინაში არასდროს ყოფილა, ამიტომაც მხოლოდ ზღაპარი და გულუბრყვილო პროგნოზი იყო იმის მოლოდინი, რომ უკრაინა ნატოში შევიდოდა და ჩვენც მიგვიყოლებდა", - განუმარტა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების უწყებათაშორისო კომისია გააუქმა, რომელიც 2006 წელს ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შექმნა.