ექსპერტ არჩილ გეგეშიძის შეფასებით, ნატო-უკრაინის კომისიის გაუქმება არ ნიშნავს, რომ კიევმა ალიანსთან ურთიერთობა საბოლოოდ შეწყვიტა.
"უკრაინის ნატოში გაწევრიანების უწყებათაშორისო კომისიის გაუქმება არ ნიშნავს, რომ კიევი ალიანსთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, უბრალოდ აღარა იქნება აღნიშნული კომისია,თუმცა უკრაინასთან თანამშრომლობა სხვა ფორმატების ფარგლებში მაინც გაძლიერდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გეგეშიძემ.
მისივე შეფასებით, შესაძლოა ვითარება მომავალში კვალავ შეიცვალოს და უკრაინამ კომისიის აღგენაზე კვლავ თანხმობა განაცხადოს, თუმცა ეს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში არაფერს არ შეცვლის.
"საქართველოს ნატოში გაწევრიანება ახლო მომავალში რომ არ მოხდებოდა ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით, თუმცა უკრაინისგან განსხვავებით ალიანსში ინტეგრაციის სურვილი ჩვენ კიდევ გაგვაჩნია. ამის გათვალისწინებით კი საქართველომ ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ისეთივე ტემპით უნდა გააგრძელოს, როგორც ეს დღემდე იყო", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების უწყებათაშორისო კომისია გააუქმა, რომელიც 2006 წელს ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შექმნა.