პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით იანუკოვიჩის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.
"იმ კონტექსტში, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ერთ პაკეტში განიხილებოდა, იანუკოვიჩის გადაწყვეტილების შემდეგ, დასავლეთს ახალი ფორმულის შემუშავება მოუწევს იმისთვის, რომ საქართველომ ნატოსკენ გზა განაგრძოს, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან ეჭვი მეპარება, რომ ალიანსმა თავი შეიწუხოს იმ გზების გამოძებნისთვის, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გაამართლეებს. როგორც ცნობილია, ნატოს გაფართოების თავისი ხედვა და პრინციპები აქვს და მისი გაფართოება რეგიონალური პრინციპით ხდება, თუმცა ბევრი მიზეზის და მათ შორის უკრაინის პოზიციის გამოც საქართველო, რეგიონალური პრინციპით ნატოში ინტეგრაციას ვეღარ ახერხებს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", რომელიც აღნიშნულ კონტექსტში აცხადებს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა ბუნდოვანია.
"ამ ბუნდოვანებას იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ საბოლოო წერტილი დაუსვა იმდენად, რამდენადაც ნატოსთვის ორგანიზაციაში საქართველოს უკრაინასთან ერთად გაწევრიანება გაცილებით მიმზიდველი იყო. მარტო საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ჩვენს ქვეყანას იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ვფიქრობ, იგივე რუსეთის გაღიზიანებაც, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებით არის გამოწვეული, ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის ერთად გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლოა, შემცირებულიყო კიდეც",- განმარტავს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების უწყებათაშორისო კომისია გააუქმა, რომელიც 2006 წელს ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შექმნა.