ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის შესახებ უკრაინის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესს არ შეაფერხებს.
"არამგონია, უკრაინის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო საქართველოს ნატოში გაწევრიანება გაჭიანურდეს. პირიქით, ვფიქრობ, ეს ამ პროცესზე დადებით გავლენასაც კი მოახდენს იმ კონტექსტში, რომ ალიანსის მთლიანი ყურადღება ამიერიდან მხოლოდ საქართველოზე იქნება ფოკუსირებული. ის, რომ ნატო ორგანიზაციაში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების საკითხს ერთ პაკეტში განიხილავდა, უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა კი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციას მხარს არ უჭერდა, ნატოში საქართველოს შესვლის პროცეს გარკვეულწილად აფერხებდა", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივა უკრაინის პოზიციაზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნულის მთავარი შემაფერხებები ფაქტორი მხოლოდ ქვეყნის შიდა საფრთხეები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებითY ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსესუსის არარსებობა შეიძლება იყოს.
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა შესაბამისი კომისიის ფარგლებში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ალიანსი ახალ რეალობას, რომელიც იანუკოვიჩის ადმინისტრაციის პოზიციის გამო შეიქმნა, გაითვალისწინებს.
"პრინციპში, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნატო ახალ რეალობას ანგარიშს გაუწევს და საქართველოსთან თანამშრომლობას მინიმუმ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გააგრძელებს", - განუმარტა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების უწყებათაშორისო კომისია გააუქმა, რომელიც 2006 წელს ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ შექმნა.