23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის ქ. 7) ვანო აბულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ძველი და ახალი ბათუმი - ასე ჰქვია მხატვრის შემოქმედებას, რომელიც თიბისი გალერეაში 7 ნოემბრის ჩათვლით გამოიფინება.
ექსპოზიციაზე ის გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება, რომლებიც ავტორმა ბოლო სამი თვის განმავლობაში შექმნა. შემოქმედებიდან კარგად ჩანს თუ როგორია მხატვრის თვალით დანახული დღევანდელი ბათუმი და მის წარმოსახვაში აღდგენილი წლების წინანდელი ზღვისპირა ქალაქის რეალობა.
"ვანო აბულაძე ქართველ მხატვართა 1980-იანი წლების ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი გენეზისი არ ყოფილა სწორხაზოვანი. ჯერ კიდევ დებიუტანტმა თავისი არტისტული ინტერესები და მიდრეკილებები მყარ საფუძველზე დამყარებული ოსტატობის საფუძველზე წარმართა, ოღონდ ეს ოსტატობა მისთვის სულაც არაა სტერილური, მჭლე, გამოშიგნული. იგი ცდილობს, ნახატის ხელოვნებაზე დაყრდნობით, შეძლოს პლასტიკური მეტამორფოზების ციკლის წარმოდგენა: და ამას იშვიათი მაესტრიით, ლამის ვირტუოზობამდე მისული კულტურით ახერხებს. იგი არასოდეს ეგება სტილიზაციის მახეში, გრძნობს, რომ სტილიზაცია დაზგურ ხელოვნებაში კარგ ტონად არ ითვლება. მისი მხატვრობის პოეტური არსი აშკარაა, ოღონდ ეს პოეტურობა მისთვის გარეგანი იმიჯი არა, შინაგანად აუცილებელი მგრძნობელობაა, ხშირ შემთხვევაში ერთგვარ ლირიკულ ნარატივში - ლირიკულ თხრობაში რომ გადაიზრდება", - ნათქვამია მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ არტ-კრიტიკოსის, დავით ანდრიაძის ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები