22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენას გახსნის.
გამოფენა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კრისტიან როზეს მიერ შექმნილი ჯაზ-შემსრულებელთა პორტრეტები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა წლებში აღბეჭდილ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ სამყაროს.
კრისტიან როზე უკვე 50 წელია, ჯაზისა და ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. ფრანგულ ჯაზ-ჟურნალში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა: Le Monde, Liberation, L'Express, Le Nouvel Observateur, ასევე მუსიკალურ პრესასთან: Guitare Mag, Keybords Mag, Batteur Mag, MUZIQ და სხვ. გარდა ამისა, კრისტიან როზე არის შემდეგი წიგნების ავტორი: Instants de Jazz, Jazz Meetings, Zappa in France, Black & Soul და Guitare 160 Portraits de Légende.
ქრისტიან როზეს გამოფენა ხელოვნებათმცოდნეების ნინო მეტრეველისა (თბილისი) და შალვა ხახანაშვილის (პარიზი) ერთობლივ საკურატორო ნამუშევარს წარმოადგენს. ექსპოზიცია 30 ოქტომბრამდე გასტანს.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).