21 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებენ. მიმდინარე სამუშაოებს მათ ლუგანოს უნივერსტეტის მოწვეული სპეციალისტი სტეფანო ვოლტა გააცნობს.
ტაძარზე უკვე რამდენიმე წელია სამშენებლო ხარაჩოა აღმართული. ქვეყნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაოები 2008 წლიდან ხორციელდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ძეგლზე გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოების წარმოება 2014 წელს პირველად დაიწყო და პროექტის საწყის ეტაპზე, მეტეხის ტაძრის გადახურვა წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება.
2013 წელს მეტეხის გადარჩენის პროექტში ტაძრის ქვის ურთულესი მდგომარეობის გამო, იკრომის სპეციალისტი ქვის კონსერვაციის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი სტეფანო ვოლტა ჩაერთო და სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტთან ერთად, ტაძრის აღმოსავლეთ ფასადისა და კარიბჭის სტრუქტურული და სამშენებლო მასალის კვლევები განახორციელა.
ძეგლზე ფიზიკური სამუშაობის დაწყებას საფუძვლად უდევს სრულყოფილი არქიტექტურულ-კონსტრუქციული გამაგრების 2008 წელს მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მომზადებაზე არქიტექტორ-რესტავრატორმა ნოდარ მინდორაშვილმა საექსპედიციო ჯგუფთან ერთად 2008 წელს იმუშავა.