20-27 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით მწერალთა სახლში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეული.
კვირეული 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გამოფენით გაიხსნება, სადაც სტუმრები იოსებ გრიშაშვილის სატრფიალო ლექსებს მოისმენენ.
კვირეულის ფარგლებში მწერალთა სახლის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პოეტის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ ფოტო-დოკუმენტურ გამოფენას, დაესწრონ იოსებ გრიშაშვილის პოეზიის კითხვის საღამოს (პოეტის ლექსებს თანამედროვე ქართველი პოეტები წაიკითხავენ), საჯარო ლექციას გრიშაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ, რომელსაც მწერალი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი წაიკითხავს.
კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, იოსებ გრიშაშვილის, როგორც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის პოპულარიზაციას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მკითხველთა შორის.