დღეს, 18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილ კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები, მანანა ბერიკაშვილი და კახა კანდელაკი დაესწრებიან.
ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. 11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს უმასპინძლა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, ფესტივალის ფარგლებში ამ დრომდე უკვე გაიმართა 4 კონცერტი, მათგან - სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ხელმძღვანელობს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით - ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, "ქება ვაზისა", ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა - თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალის კონცერტების ონლაინ ტრანსლაციას უზრუნველყოფს კომპანია „კავკასუს ონლაინი", ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებ-გვერდზეhttp://www.cmcgeorgia.org/wm.php
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", კომპანიები „ბადაგონი", „ვინივერია", „"Georgian Airways", „კავკასუს ონლაინი" და "VT Georgia".
ფესტივალის მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები „რუსთავი 2", „მაესტრო", „ARTAREA" და რადიო ერთი.