18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცეტრი გაიმართება. ფესტივალს ტრადიციულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ხოლო მისი სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა ფესტივალს.
11-18 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, ტრადიციულად, სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. ფესტივალის ფარგლებში თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართა, მათგან - სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, რომლის შემადგენლობაშიც არიან მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს ხელმძღვანელობს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდა. ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართა მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით - ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
12 ოქტომბერს, ფესტივალის ორ, ყველაზე ერთგულ და დიდი ხნის მეგობარს, ნატალია გუტმანსა და ედუარდ ბრუნერს, ქ.თელავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, "ქება ვაზისა", ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა - თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალის კონცერტების ონლაინ ტრანსლაციას უზრუნველყოფს კომპანია „კავკასუს ონლაინი", ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებ-გვერდზეhttp://www.cmcgeorgia.org/wm.php
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", კომპანიები „ბადაგონი", „ვინივერია", „"Georgian Airways", „კავკასუს ონლაინი" და "VT Georgia".
ფესტივალის მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები „რუსთავი 2", „მაესტრო", „ARTAREA" და რადიო ერთი.
________________________________________
პროგრამა:
თელავის დრამატული თეატრი
18 ოქტომბერი, 18.00
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (საქართველოს სინფონიეტა), ხათუნა თურმანიძე (არფა).
სოლისტები: ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი); ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო); ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო)
პროგრამა:
რიჰარდ შტრაუსი - დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის
სიმებიანი ორკესტრის თანხლებით
ედუარდ ლალო - კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის
ედვარდ გრიგი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის ლა მინორი, თხზ. 16