ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, კოკოითმა თავის გამოვლებში იმ იმედების ლუსტრაცია მოახდინა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე ამყარებს.
"ზღაპრები, რომ თრუსოს ხეობა, ყაზბეგი, ბაკურიანი მათ ეკუთვნით, რომელიც კოკოითამდე შოვინისტურმა ორგანიზაციამ "დარიალმა" განაცხადა, ეს ყველაფერი სეპარატისტების გეგმების ლუსტრაციაა. ამით კოკოითიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა იმედებს ამყარებენ როგორ სეპარატისტების ასევე რუსეთის ხელისუფლება საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცინცაძე.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე თეორიულად არსებობს, კერძოდ კი, თუ რუსეთი სამხედრო აგრესიაზე წავიდა და გარე სამყარომ გულზე ხელი დაიკრიბა, როგორც აგვისტოში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თრუსოს ხეობის ე.წ სამხრეთ ოსეთისათვის დაბრუნებას მოთხოვნა ჩრდილოკავკასიაში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გააჟღერა.
"ეს ძირძველი ოსური მიწაა და საქართველოს არასოდეს ეკუთვნოდა. ოსეთის მოქალაქეებს კი ხეობის დატოვება პოლიტიკური მიზეზების გამო არ შეუძლიათ.
ჩვენ უნდა დავიცვათ იმ ოსების უფლებები, რომლებიც თრუსოს ხეობის სოფლებიდან არიან. ადრე თუ გვიან მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან წავა და მაშინ შევძლებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად გზების მოძებნას, რომელიც მისაღები იქნება ორივე ხალხისათვის", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.