თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ინგა გრიგოლია საარჩევნო კამპანიას 6 აპრილიდან დაიწყებს.
ამის შესახებ მოძრაობის საარჩევნო შტაბში მისულმა გრიგოლიამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
მისივე განმარტებით, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ხვალიდან ის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდება.
"მომავალი კვირიდან დავიწყებ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს. ვიქნები ძალიან აქტიური", - განმარტავს გრიგოლია, რომელიც იმასაც დასძენს, რომ საარჩევნო კამპანიას გამარჯვების იმედით იწყებს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილია ის ძირითადი გზავნილები, რომელსაც გრიგოლია საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზებს. ესენია: დაბალი ტარიფები, დასაქმება და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო შტაბში ამ წუთებში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც წევრის რანგში გრიგოლია დღეს პირველად ესწრება.