6 აპრილს, თბილისში, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნება.
სხდომაში მონაწილეობის მისაღებად 5 აპრილს საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრების ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს სხდომის გახსნამდე სტუმრები, ვიზიტის პირველივე დღეს ბოდბესა და სიღნაღში გაემგზავრებიან, სადაც ბოდბის დედათა მონასტერსა და სიღნაღის მუზეუმში გამოფენილ ფიროსმანის ექსპოზიციას დაათვალიერებენ.
6 აპრილს, სხდომის გახსნამდე ისინი ოკუპაციის მუზეუმში მივლენ და საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლებენ, სადაც აღნიშნული სხდომა გაიხსნება.
საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ სტუმრები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მიხეილ მაჭავარიანს შეხვდებიან, შემდეგ კი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სათაო ოფისში გაემგზავრებიან, სადაც მათ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ჟილ ჟანვიერი მიიღებს.
იმავე დღეს შეხვედრებია დაგეგმილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და ვიცე-პრემიერებთან: გიორგი ბარამიძესა და თემურ იაკობაშვილთან.
7 აპრილი დელეგაციის წევრები ისევ საქართველოს პარლამენტში მივლენ და სხვადასხვა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. დღის მეორე ნახევარში კი სტუმრები ჯერ წეროვნის დევნილთა ბანაკში, შემდეგ ერგნეთსა და გორში გაემგზავრებიან.
8 აპრილს დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საგარეო უწყებაში გამართვენ. დაგეგმილია ასევე გასაუბრება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს 9 აპრილს დატოვებენ.