"ეროვნული საბჭო" "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლის სოზარ სუბარის წინადადებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა.
"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა ერთიანი კანდიდატების შერჩევის წესის შესახებ, მათ შორის "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის წინადადება, თუ კი ეს წინადადება არის "ალიანსის" ერთიანი და ოფიციალური პოზიცია", - განაცხადეს საბჭოს ლიდერებმა დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონტექსტში, "ეროვნული საბჭო" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთგული რჩება ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების წარდგენის სტრატეგიისა, რაც არაერთხელ იყო ინიცირებული და მხარდაჭერილი ეროვნული საბჭოს მიერ.
"6, 7 და 8 აპრილს ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისის მერობის და საკრებულოს წევრობის ერთიანი კანდიდატების გამოვლენის ნიზნით. ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით საზოგადოების ყველაზე უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ, თუმცა მზად ვართ სხვა წინადადებებიც განვიხილოთ", - განმარტავენ საბჭოს ლიდერები.