პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით "პოეტები ტბის გარშემო", რომელსაც უკვე თოთხმეტი წელია იუნესკოს ეგიდითა და დიდი ბრიტანეთის საკონსულოს ხელშეწყობით ორტა სან ჯულიოს კუნძულზე მცხოვრები შოტლანდიელი პოეტი ქალი გებრიელ გრიფინი მართავს, წლეულს, 10-12 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ ინგლისელ, ამერიკელ, გერმანელ, ინდოელ, პაკისტანელ, არაბ, მალტელ და იტალიელ პოეტებს მასპინძლობდა.
სამი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ იტალიის ორი ულამაზესი ტბის ლაგო დ'ორტასა და ლაგო მაჯორეს გარშემო მდებარე ქალაქებში, ვორქშოფები, პერფორმანსები, ოფიციალური მიღება თუ მეგობრული შეხვედრები იმართებოდა.
ბრიტანელი კონკურსანტების გარდა ფესტივალში საპატიო სტუმრების სტატუსით მიწვეულნი იყვნენ იტალიელი, ტუნისელი, მალტელი პოეტები და მათ შორის იტალიაში მოღვაწე ქართველი მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელიც დაარსების დღიდან მონაწილეობს ამ ფესტივალში და ყოველწლიურად წარადგენს ქართველი პოეტების: აკაკი წერეთლის, ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბაღათერ არაბულის, მანანა ჩიტიშვილის, ლია სტურუას, გივი ალხაზიშვილის, კობა არაბულის, მაყვალა გონაშვილის, დათო მაღრაძის ლექსების მისეულ თარგმანებს.
წლეულს ნ. გელაძემ ორი პოეტი ქალის მარიამ წიკლაურისა და ლელა სამნიაშვილის ლექსები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას; მან მოკლედ ისაუბრა თანამედროვე ქართული პოეზიის შესახებ, ორიოდე სიტყვით გააცნო მსმენელს იტალიურ ენაზე დასასტამბად გამზადებული "თანამედროვე ქართველი პოეტების მცირე ანთოლოგიაში" შემავალი ორი პოეტი ქალის შემოქმედება და ქართულ ენაზე წაიკითხა მ. წიკლაურის "რა ვუთხრათ შვილებს" და ლელა სამნიაშვილის "ჩეჩენი გოგოს ლექსი"; იგივე ლექსები იტალიურ ენაზე წაიკითხა"ანთოლოგიის" რედაქტორმა მარიენცა კორაჩიმ, ხოლო ინგლისურ ენაზე - აბიგაილ ძამიტმა. ორივე ლექსმა თავისი თემატიკით, აქტუალობითა და სიმძაფრით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე, რაც საგანგებოდ აღნიშნა გ. გრიფინმა და რაზეც შემდეგმა გამომსვლელმა, ტუნისელმა ლაილა საიდმა, შუასაუკუნეების სიცილიაში მოღვაწე არაბი პოეტების ლექსები რომ უნდა წაეკითხა, მოიბოდიშა, ჩემეული სილაღით ვეღარ წაგიკითხავთ ამ სალაღობოებს, იმდენად მძაფრი ემოცია აღმიძრა ქართველი პოეტი ქალების ამ შესანიშნავმა ლექსებმაო. საღამოს დასასრულს არაერთმა პოეტმა პირადად გამოხატა აღფრთოვანება და მოსმენილი ლექსების ამონაბეჭდი სთხოვა მთარგმნელს.
ფესტივალის გახსნას და დახურვას ესწრებოდნენ რეგიონის ოფიციალური პირები, ასევე ქალაქ ბელჯირატეს (სიღნაღთან დაძმობილებული ქალაქი) მერი ფლავია ფილიპი, კულტურისა და ტურიზმის ასესორი კლაუდია ბუშერი და ბრიტანეთის გენერალური კონსული იტალიაში დენიელ ალენი.
ფესტივალის დირექტორმა გ. გრიფინმა და საორგანიზაციო კომიტეტმა სურვილი გამოთქვეს, მომავალი წლის შემოდგომაზე მოიწვიონ ის ქართველი პოეტები, რომელთა ლექსებიც შესულია "თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგიაში" და რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით "გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფი" ამ დღეებში დასტამბავს.