"ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს ხვალიდან დაიწყებენ.
როგორც გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, 3 აპრილს ორი შეხვედრაა ჩანიშნული.
"ამ ეტაპზე რაც ვიცი ისაა, რომ შეხვედრისთვის მზად არის კაკა კუკავა", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, კონსულტაციები "კობასთან, ზვიადთან, "ალიანსთან" და თოფაძის პარტიასთანაც" გაიმართება.
თავის მხრივ, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გაჩეჩილაძისგან განსხვავებით მას "უფრო დიდი სია აქვს იმ პარტიების, რომელთანაც მოლაპარაკებების გამართვას აპირებს".
საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად კონსულტაციები 3 აპრილის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის გამო 6 აპრილამდე აღარ გაიმართება. როგორც სუბარი განმარტავს, "ვისთანაც მოლაპარაკებების გამართვა შაბათს არ მოესწრება, აღდგომის შემდეგ შეხვდებიან".