„სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც გახმიანდა ჩვენს მიერ ჰელსინკიში ვიზიტის დროს, ეს არის ვიზის ლიბერალიზაცია, ეს არის ევროპული პერსპექტივა, მეტი ინტეგრაცია საქართველოსი და ეს არის რატიფიკაცია ასოცირების შეთანხმების. ამ ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, გვაქვს პრინციპული მხარდაჭერა ფინეთის ხელისუფლების მხრიდან"-აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ფინეთში, ქ.ჰელსინკიში გამართული ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ. სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეერო ჰეინალუომას და საგარეო საქმეთა მინისტრს ერკკი ტუომიომიას შეხვდა.
შეხვედრებზე ალექსი პეტრიაშვილმა მადლობა გადაუხადა ფინეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ფინეთის მხარის წარმომადგენლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესისა და ხელისუფლების გეგმების შესახებ. ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა 2015 წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე. რეგიონში არსებული ვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის დაფიქსირების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ფინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ფინეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ფინეთის პარლამენტი მუშაობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების რატიფიცირების საკითხზე და გადაწყვეტილება უახლოეს თვეებში იქნება მიღებული.
ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, შეეხო ფინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიცირების განხორციელების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა ფინეთის ეროვნულ კვლევით ცენტრში „ალექსანტერი ინსტიტუტი" (Aleksanteri Institute). ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ანალიტიკური ინსტიტუტების, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები