პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს შეხვდა.
დავით უსუფაშვილმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩისგან მოისმინა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვასილ ციბენკოსთან საუბრისას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო წუხილი გამოთქვა.
მხარეებმა უკრაინის რიგგარეშე არჩევნების შესახებაც ისაუბრეს, სადაც, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი დამკვირვებლების მივლინებას გეგმავს.
შეხვედრაზე საუბარი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა უკრაინიდან და მხარეებს შორის მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილების გაზიარება მოხდა.
უკრაინელმა დიპლომატმა უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.
დავით უსუფაშვილი და ვასილ ციბენკო საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასა და საერთაშორისო არენაზე კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.