ევროპის საბჭო, ახალი პროექტის მეშვეობით, რომლის პრეზენტაციაც გაიმართება დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ხელისუფლებას გაუწევს დახმარებას საჭირო საკანონმდებლო ექსპერტიზასა და ინსტიტუციურ განვითარებაში, რაც განხორციელდება მთავარი დაინტერესებული მხარეების მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისა და გაუმჯობესების გზით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს თვითმმართველობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში", ხორციელდება დანიის სამეფოს დაფინანსებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
18 თვის განმავლობაში, პროექტი იმუშავებს სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების პროცედურული გარანტიების გაუმჯობესებასა და სასამართლოს პროფესიონალიზმის გაძლიერებაზე მოსამართლეთა სწავლების გაუმჯობესებისა და სასამართლოს თვითმმართველობის გაძლიერების გზით.
პროექტის ადგილობრივი პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, სადისციპლინო კომიტეტი, მთავარი პროკურატურა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.
პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" 10:00 სთ-ზე. ღონისძიებას გახსნის კატერინა ბოლონიეზე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დანიის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სხვა ადგილობრივი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამათვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები