კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, კრემლის არასწორი პოლიტიკის გამო ჩრდილო კავკასიაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
"ჩრდილო კავკასიაში ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ველოდები, რადგან ამ ტერაქტების ფონზე იქ რეპრესიები დაიწყება და არავინ არ დაიწყებს გარჩევას ვინ მშვიდობიანი მოქალაქეა და ვინ იატაკქვეშეთის წევრი. მითუმეტეს, რომ იატაკქვეშეთის წევრების უმრავლესობის სახლები და გვარები კარგად იციან და ახლა მათ ახლობლებს და ნათესავებს დაერევიან. კადიროვმა სიტყვიერი ბრძანებაც კი გასცა, რომელიც ტყეში გასული პირების ახლობლების შეზღუდვას ითვალისწინებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიაში რეპრესიების ფარგლებში რამდენიმე სოფელში ტყეში გასული მეომრების მშობლებისა და ნათესავების 40-მდე სახლი უკვე გადაწვეს.
"რეპრესიების დაწყება კი ტყეში უფრო მეტი ადამიანის გასვლა გამოიწვევს, მითუმეტეს, რომ გაზაფხული დაიწყო და ტყე შეიმოსა. მოსკოვის არასწორი პოლიტიკა კავკასიაში ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. რაც შეეხება მასშტაბურ ომს, ვერ მისი დაწყება გამორიცხულია, რადგან იწყება იატკქვეშეთს ტექნიკური საშუალება არ აქვს, რომ ფრონტალური ომი აწარმოოს", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. შესაბამისად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩრდილო კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციების რიცხვი გაიზარდა, რასაც ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
აღსანიშნავია, რომ დღეს ჩრდილო კავკასიაში რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც რუსმა ძალოვანებმა ბოევიკებად გაასაღეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გარდაცვლილებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და ისინი ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ.