"ახალი მემარჯვენეები" ფორმულას "ყველას მინუს ნოღაიდელი" ძალაში ტოვებენ და მასთან მოლაპარაკებებს არც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით აპირებენ.
"ფორმულა "ყველას მინუს ნოღაიდელი" დღის წესრიგში რჩება და დარჩება. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ეროვნულ საბჭოში" შემავალ სხვა პარტიებთან - "კონსერვატორებთან", "ხალხის პარტიასთან" მოლაპარაკებებს, ეს ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღებია. ნოღაიდელის ამ სიტუაციაში ჩაკერება ხელოვნურია", - განუცხადა მამუკა კაციტაძემ ოპოზიციური ძალებისადმი სუბარის შეთავაზებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.