დღეს, 30 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საკონონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარები ვადა 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბამდე გადაიწევს. ინიციატივა პარლამენტის წევრს, გია ჟორჟოლიანის ეკუთვნის. ცვლილება კი შევა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში.
ცვლილების ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოსამზადებლად საჭირო არასაკმარის დროსა და კონკურსანტთა დიდ რაოდენობასთან.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ დაასრულონ შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა თანამდებობაზე დაამტკიცონ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რის შემდეგადაც კონკურსი უნდა გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე, კანდიდატებს მიეცეთ შესაბამისი ვადა საკონკურსო განაცხადების შეტანის თაობაზე
და კონკურსის სავალდებულო ეტაპის, ტესტირების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტების საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა უნდა უზრუნველყონ ტესტირების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება და მათი თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა.
იქმნება რეალური საფრთხე, რომ ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებში, ან სადაც არჩევნების მეორე ტური იყო დანიშნული, 31 ოქტომბრამდე ვერ მოესწროს კონკურსების დასრულება, რაც ასევე ავტომატურად გამოიწვევს ყველა არსებული მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტას და ხელს შეუშლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამართულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობებზე კონკურსების ჩატარების საბოლოო ვადად, ნაცვლად 2014 წლის 31 ოქტომბრისა, განისაზღვროს 2014 წლის 31 დეკემბერი.