საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჯავასა და ახალგორში ვერტოდრომების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს შესრულებაზე სახელმწიფო კონტრაქტის გაფორმების უფლებაზე ღია აუქციონის ჩატარების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძის უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციაზე. ამის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი, სამხედრო ბაზების შექმნასთან ერთად, ვერტოდრომების მშენებლობა წარმოადგენს, რომელსაც სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენებენ. ამან კი შეიძლება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მორიგი დარღვევა გამოიწვიოს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებისა და ნორმების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და იგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ამასთან ერთად, სამხედრო ვერტმფრენების უკონტროლო ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას, რომლის პრინციპებიც განმტკიცებულია IჩAO-ს ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაშაძის უწყება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო მტკიცე პროტესტს გამოხატავს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და მისი განუყოფელი ნაწილების ოკუპაციისა და ანექსიის აღკვეთის მიზნით.