კომენტარები „ელის"-ის წინააღმდეგ მებრძოლთა „საწრთვნელი ცენტრის" ირგვლივ: ირაკლი ბათიაშვილი - „დიახ"; ჯონდი ბაღათურია - „არა"
პუბლიკაციაში განხილულია ამ რამდენიმე დღის წინათ ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში" გამოქვეყნებული სტატია საქართველოში სირიელი ამბოხებულების საწრთვნელი ცენტრის სავარაუდო შექმნის თაობაზე (თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას წინადადება) და გადმოცემულია ქართული საზოგადოების ნეგატიური რეაქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ავტორი - გიორგი ლებანიძე).
„ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნეგატიური რეაქცია რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: პირველი - ასობით და შესაძლოა, ათასობით „ბოევიკის" თავმოყრამ შესაძლოა ქვეყანაში უკონტროლო პროცესები გამოიწვიოს: არაა გამორიცხული, რომ ისინი საწრთვნელი ბაზებიდან ქუჩაში გამოვიდნენ. როგორ შეხედავს ამას საქართველოს მოსახლეობა, ამის მიხვედრა რთული არ არის; მეორე - ძნელია ერთმანეთისაგან განასხვავო ის ბოევიკები, ვინც უკვე სირიის ხელისუფლების (პრეზიდენტ ბაშარ ასადის) წინააღმდეგ ომობს და ისინი, ვინც „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" („ელის") დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ სირიის ხელისუფლებას რუსეთი მხრას აქტიურად უჭერს და თუ საქართველოში „შეიარაღებული ოპოზიციის მომზადების ცენტრი" გაიხსნება, მოსკოვს საბაბი ექნება საქართველოს წინააღმდეგ არამეგობრული მოქმედება განახორციელოს. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა უკვე გამოხატეს უკმაყოფილება თბილისის გეგმების შესახებ. აშკარაა, რომ მათ პოზიციას კრემლი განსაზღვრავს.
ამის მიუხედავად ქართული სპეცსამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილი „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე"-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თვადაცვის მინისტრის წინადადება სავსებით მისაღებია: „ელის"-ის წინააღმდეგ მებრძოლი ვოლონტერების მომზადება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში „ბოევიკები" უშუალოდ არაბული ქვეყნებიდან იქნებიან ჩამოყვანილნი:
ირაკლი ბათიაშვილი: „მე არ მესმის, რატომ გამოიწვია ამ იდეამ ასეთი სკანდალი ქართულ საზოგადოების წარმომადგენლობსა და პოლიტიკოსებში. ჩემი აზრით, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ ამ უდიდესი ბოროტების შესაკავებლად ფართო კოალიციის შექმნაა საჭირო. თუ ყველა არ გაერთიანდება რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ და თავის წვლილს არ შეიტანს, მაშინ მათ ვერ დავამარცხებთ. ასე რომ, ამ იდეის მიუღებლობის მიზეზებს მე ვერ ვხედავ".
კორესპონდენტი: „ირაკლი, ალბათ, უარყოფითი რეაქცია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქართველოში შესაძლოა არა მარტო „ელის"-ის წინააღმდეგ მებრძოლები ჩამოვლენ, არამედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ მემომრებიც, რის გამოც რუსეთი გაღიზიანდება. ხომ ცნობილია, რომ მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალურ დამასკოს...
ირაკლი ბათიაშვილი: ამას ის ხალხი ლაპარაკობს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში საერთოდ ვერ ერკვევიან. იმ „ბოევიკებს", რომელბიც ახლა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან, არავითარი მომზადება, გაწრთვნა და ინსტრუქტაჟი არ სჭირდებათ. აქ საქმე ეხება მოხალისეების, ვოლონტერების მობილიზაციას, რომლებიც მზად იქნებიან დაეხმარონ რადიკალი ისლამისტების მიერ შევიწროებულ და და დაჩაგრულ ხალხს - გნებავთ ქრისტიანებს, იეზიდებს... ქრისტიანები „ელის"-ის ბოევიკების მხრიდან საშინელ ზეწოლას განიცდიან... განა ასეთი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთს გააღიზიანებს? „ისლამური სახელმწიფო" ხომ რუსეთსაც ემუქრება? ეს ყველამ იცის, ვინც კი ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში".
კორესპონდენტი: მაგრამ რადიკალ-ისლამისტებს ხომ ისინიც ებრძვიან, ვინც იმავდროულად ბაშარ ასადის მტრებია არიან?
ირაკლი ბათიაშვილი: „რადიკალ-ისლამისტებს ებრძვიან არამარტო ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები, არამედ ისინიც, ვინ სირიის ხელისუფლებას მხარს უჭერენ, მაგალითად, ირანელები, ქურთები და სხვები".
ირაკლი ბათიაშვილის თვალსაზრისს კატეგორიულად არ ეთანხმება პარტია „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომლის აზრით, საქართველოში სირიელ ამბოხებულთა „საწრთვნელი ცენტრის" ჩამოყალიბება დაუშვებელია:
ჯონდი ბაღათურია: „ეს იგივეა, რომ ჩვენთან ტერორისტა მომზადების ცენტრი გაიხსნას. სირიაში პოლიტიკური ოპოზცია საერთოდ არ არსებობს, იქ ერთი ტერორისტული დაჯგუფება მეორეს ებრძვის... ჩვენ ძალიან კარგად ვიზით ისეთი შემთხვევები, როცა ვაშინგტონი ვიღაც-ვიღაცეებს აიარაღებს, გაწრთვნის და მერე მათზე კონტროლს კარგავს. მაგალითად, „ალ-ქაიდა", ან იგივე „ისლამური სახელმწიფო", რომლებსაც აშშ საწყის ეტაპზე ეხმარებოდა... „ისლამური ფრონტი" და „ოსლამური სახელმწიფო" ორივე ტერორისტული ორგანიზაციებია, რომლებსაც ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს. მათი აქ ჩამოყვანა და მომზადება ნიშნავს, რომ საქართველო ტერორისტების გაწრთვნაში მონაწილეობს. რუსეთს დამატებითი საბაბი გაუჩნდება საქართველოს მიმართ: საკმარისია ჩრდილოეთ კავკასიაში რაღაც ინციდენტი მოხდეს და რუსეთი ჩვენთან დაარსებულ „საწრთვნელ ცენტრს" დაარტყამს. ასე რომ, ეს ზედმეტი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იჩენს, მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება".
რადიოეთერში საუბრობს აგრეთვე ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სირიასა და ერაყში მებრძოლ იმ ბოევიკებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და წარმოშობით ჩეჩნები (ქისტები) არიან, პანკისის ხეობიდან. იქ იმყოფება აგრეთვე ზოგიერთი აჭარელი მუსულმანიც:
მამუკა არეშიძე: „სირიაში „ელის"-ის მხარეზე დაახლოებით 70-მდე პანკისელი ჩეჩენი იბრძვის. „ისლამური სახელმწიფოს" არმიის სარდალია თარხან ბათირაშვილი, ნახევრად ქართველი, საქართველოს არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. სირიაში იყო აგრეთვე ორი საველე მეთაური საქართველოდან - მუსლიმ მარგოშვილი და რუსლან მაჩალიკაშვილი, მაგრამ ორივენი ქალაქ ალეპოში, სისრიის არმიის ქვედანაყოფებთან ბრძოლაში დაიღუპნენ".
კორესპონდენტი: ისინი ფულისთვის თუ იდეისთვის იბრძვიან?
მამუკა არეშიძე: „მხოლოდ იდეისთვის, ერთმნიშვნელოვნად".
აშშ-ის ხელისუფლებამ თარხან ბათირაშვილი და მუსლიმ მარგოშვილი ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ქართულ პრესაში წერენ, რომ „ქართველი ჩეჩნები" სირიიდან უაკნ ბრუნდებიან, რადგან მათ „ისლამურ სახელმწიფოსათვის" ბრძოლაში იმედები გაუცრუვდათ. რამდენი ქართველი მოქალაქე იმყოფება მსოფლიოს ამ ყველაზე ფეთქებადსაშიშ რეგიონში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ფაქტორების, რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ელას"-ის არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა მოსამზადებელი ცენტრის დაარსებაზე დათანხმდება.