"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
ამის შესახებ მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" რეიტინგი მუდმივად დაახლოებით 1% არის, რაც ეჭვს იწვევს, რადგან არ შეიძლება პარტიას ერთი და იგივე რეიტინგი ჰქონდეს და არაფერი არ იცვლებოდეს.
"ეჭვი არ მეპარება IღI-ს კეთილსინდისიერებაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ქვეყანა იმყოფება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, სადაც ხალხი არის დაშინებული და მათ სიმართლის თქმა ახლობლებთანაც კი არ შეუძლიათ, რის გამოც ამ კვლევის შედეგი ვერ იქნება სწორი და სამართლიანი", - განაცხადა ცინცაბაძემ IRI-ს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე.
მისივე თქმით, კვლევაში ასევე ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს მოსახლეობის 34% ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.
"საკვირველია, როგორ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი თუნდაც, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა მან ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა. "დემოკრატიული მოძრაობის" რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალია და ამ რეიტინგს ყველა დაინახავს, მაშინ როცა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. "არჩევნები კი მალე დაინიშნება", - დასძინა მან.