სოლიდარობის ფონდი დღეიდან იწყებს აპლიკაციების მიღებას 21 წლის ასაკის ჩათვლით (22 წლამდე) ონკოლოგიური პაციენტების დასაფინანსებლად, როგორც სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
„ფინანსური პროექტირების საფუძველზე, სოლიდარობის ფონდის კომისიამ გადაწყიტა, რომ თურქული კომპანიის 500,000 ლარიანი დონაციით დაუყოვნებლივ დაიწყოს პროგრამების გაფართოება 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიურ პაციენთა დასახმარებლად. განსაკუთრებით დასაიმედებლია, რომ ფონდი შესძლებს არა მხოლოდ სოლიდური სიმსივნით, არამედ ნებისმიერი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარებას," - აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი.
მარიამ ჯაშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა კომპანიამ ერთჯერადი დონაცია განახორციელა, დღეისათვის ფონდს უკვე მიღებული აქვს 30,000-ზე მეტი საჯარო მოხელის თანხმობა ყოველთვიურ დონაციაზე, რაც პროგნოზულად სექტემბრის ბოლოსათვის 150,000 ლარს, ხოლო ოქტომბრიდან ყოველთვიურად 200,000 ლარს შეადგენს. აღნიშნულს ემატება უკვე ხელმოწერილი თანამშრომლობითი მემორანდუმები „ლიბერთი ბანკთან" და „საქართველოს ბანკთან" და მიმდინარეობს მუშაობა კორპორატიული თანამშრომლობის გაფართოებაზე. წინასწარი გათვლებით, 2015 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება 400,000 ლარამდე თანხის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს უწყვეტ რეჟიმში განვაგრძოთ, 21 წლის ასაკის ჩათვლით, ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები.
განცხადების ფორმების მიღება შესაძლებელია მთავრობის ადმინისტრაციაში (თბილისი, ინგოროყვას ქ. 7) ან ელ-ფოსტის საშუალებით: solidarity@geo.gov.ge