.სამეგრელოში "ეროვნული საბჭოს" მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.
სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება "ეროვნული საბჭოს" ლიდერების მიერ სოფელ თეკლათთან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვამ გამოიწვია, რომლის გახსნასაც პოლიციელები ცდილობდნენ.
აქციაზე "ეროვნული საბჭოს" ლიდერები და მხარდამჭერები დაკავებული მანქანისა და მოძრავი სცენის დაბრუნებას მოითხოვდნენ. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მათ კუთვნილი ავტომანქანა დაუბრუნდათ.
ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, საპროტესტო აქციას მართავენ.
პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" ინფორმაციით, დღეს, 04:00 საათზე ზუგდიდიდან 10 კმ-ში, ცაიშთან პოლიციამ მოძრაობის კუთვნილი ავტომობილი, რომელსაც მოძრავი სცენა გადაჰქონდა, უკანა "სტოპების" გაუმართაობის გამო გააჩერა და სენაკის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები და მხარდამჭერები სენაკის საპატრულო განყოფილებაში მივიდნენ და უკანონოდ დაკავებული სცენის გადამტანი მანქანის დაბრუნება მოითხოვეს.