"მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ოფისში ხელისუფლების მხრიდან სამეგრელოს მოსახლეობის დატერორების ფაქტებზე საუბრობენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, დღეს, მარტვილის რაიონიდან ზუგდიდისკენ აქციაზე მიმავალი 15 მოქალაქე მიკროავტობუსებიდან ჩამოსვეს და ნარკოლოგიურ ცენტში შესამოწმებლად გადაიყვანეს. ასევე, მარტვილის რაიონის ყველა გასასვლელ-შემოსასვლელში დგანან სამსართალდამცველები და ზღუდავენ ავტომანქანების მიმოსვლას. მანქანების მძღოლებს ეუბნებიან, რომ 2-3 საათის შემდეგ ყველას თავისუფლად გაუშვებენ.
"სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ტაქსის მანქანა გააჩერა პოლიციამ და მძღოლი "ეროვნული საბჭოს" 4 მხარდამჭერთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანა. ანალოგიური სიტუაციაა ჩხოროწყუშიც, თუმცა იქ არსებობს ეგრეთ წოდებული "ჩორნი ხოდები", საიდანაც მოსახლეობა ახერხებს გაპარვას ზუგდიდის მიმართულებით. აბაშაში, 30 მარტს, საღამოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სოფელ სეფიეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ნუკრი გოგონაია, რომელიც ამ დილით გაათავისუფლეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნუკრი გოგონაიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაშინება, რომ მას არ მიეყვანა ხალხი 31 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში პოლიციამ ორი მიკროავტობუსი გააჩერა და მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელი შეუშალა. ასევე, ზუგდიდში რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა აზა ჯოჯუამ ყველა სკოლის პედაგოგი და ხელმძღვანელი შეკრიბა და თათბირზე მათ გაუცხადა, რომ მიტინგზე მათი ან დამამთავრებელი კლასის მოწაფეების მისვლის შემთხვევაში ყველას სამსახურიდან დაითხოვენ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, ცოტა ხნის წინ, "ეროვნული საბჭოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სოფელ თეკლაათის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ დაკავებული მანქანისა და მოძრაოვი სცენის დაბრუნებას. ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ის თანახმაა გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია მანქანის გამოშვებაზე უარს აცხადებს.