"ქრისტიან-დემოკრატები" პრეზიდენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყონებლივ დანიშვნას სთხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლება მომზადებული შეხვდეს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს განხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ.
"რუსული საზოგადოება შოკირებულია მომხდარი ტრაგედიით და ბუნებრივია, იგი ითხოვს მკაცრი ზომების გატარებას. რუსეთის მოქმედი ხელისუფლების ლოგიკაში კი თავისუფლად ეწერება სიმკაცრისა და სისასტიკის დემონსტრირება საკუთრი ხალხისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ამ ფონზე უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება "ქართული კვალის" თაობაზე შესაძლოა გახდეს წინაპირობა ტერორიზმთან ბრძოლის დროშის ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად", - აცხადებს ლალიაშვილი.
როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, რუსეთის უშიშროების საბჭო არ არის საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ძიების პროცესში განხილული პროცესების შესახებ.
"ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ახდენს უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას და ამზადებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამ სფეროში. ამიტომაც "ქართული კვალის" თაობაზე გაკეთბეული განცხადება განსაკუთრებით სახიფათოა და პოლიტიკურ კონტექსტში შეიძება იყოს აღქმული როგორც საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდარი", - აცხადებს ლალიაშვილი.
ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, ხელისუფლებამ აღნიშნულ პრობელმაზე დაუყოვნებლივ დაიწყოს ფიქრი და მიმართავენ პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი იქნება განხილული.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, რომ "ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დაუყონევბლივ დაიწყოს საფრთხეების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების პროცესი".