დღეს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, ისანი - სამგორის რაიონში მცხოვრებ, კონფლიქტის ზონიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
"ალიანსის" ლიდერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მისი თქმით, დევნილების უამრავი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც დევნილებს აწუხებთ არის გაურკვევლობა მათ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა არ იციან ეკუთვნით თუ არა ის ფართი, რომელშიც ახლა ცხოვრობენ. ამის გარდა, მე ვნახე ადამიანები, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ მაშინ, როცა თავის მშობლიურ სახლებში საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ", - აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ დევნილებს არჩევნების დღეს, აქტიურობისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, როცა ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას და უკეთეს საცხოვრებელ პირობებს ვერ გიქმნის იგი შენ თვითონ, არჩევნების გზით უნდა შეცვალო.
"ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ არა ადეკვატურია. ამიტომ დევნილებმა არჩევნების გზით თავდ უნდა სცადონ მისი შეცვლა. არ ვამობობ, რომ მე ან სხვას დაუჭირონ მხარი, ეს მათ უნდა გადაწყვიტონ. მთავრია, რომ დევნილები არჩევნებზე მივიდნენ", - განაცხადა ალასანიამ.