ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. უილიამ ბერნსმა და აღმოსავლეთ პარტნიოროის ქვეყნების მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში განვითარებული პროცესები, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარეობა.
დღესვე, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევრაზიისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ვიქტორია ნულანდთან. შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი და თეთრი სახლის ევროპის საქმეთა უფროსი დირექტორი ჩარლს კუბჩანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ამერიკული მხარე დაინტერესდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის მიმდინარეობით, შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების საკითხებით. ასევე საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტსა და ალიანსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის გადმოცემის თაობაზე. განიხილეს აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლიმენტაციის საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსართხოების თემებს, ასევე რუსეთთან ურთიერთობის მიმდინარე საკითხებს.