ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა საქართველოში მუშაობა დაასრულა. დღეს იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, რომელმაც საქართველოში ბოლო ოთხი წელიწადი გაატარა.
„მახსოვს, როდესაც ის ჩამობრძანდა საქართველოში, 2010 წელს და გვქონდა საუბარები ქვეყნის მომავალზე, ძალიან ბევრი რამ მას მაშინ დაუჯერებლად და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, თუმცა არის საკითხები, რომელიც საუბრის მომენტში მეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციის ტემპები", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა ამ ოთხი წლის მუშაობის შეჯამება, რომელიც მისივე შეფასებით, იყო ძალიან დინამიური და პროდუქტიული. „ბატონი ფილიპ დიმიტროვის საქართველოში ელჩობას დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რამაც ინტეგრაციის სერიოზული ეტაპი დაასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეტაპს" , - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტროვს გაწეული მუშაობისთვის.
„დღევანდელ შეხვედრაზე აღვნიშნეთ ისიც, რომ ხშირად ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ვკამათობდით, ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ იგი კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა თავის მოვალეობებს და დარწმუნებული ვარ, არც მას ეპარებოდა ეჭვი, რომ მეც ჩემი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობა მალაპარაკებდა. ჩვენ ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ურთიერთობები გვქონდა წლების განმავლობაში,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოში ეყოლება არანაკლებ კვალიფიციური დიპლომატი, რომელიც მალე ჩამობრძანდება.
„მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველო და ევროკავშირი ამ ოთხი წლის განმავლობაში ისე დაახლოვდნენ, რომ ამ სიახლოვეს ვერავინ და ვეღარაფერი შეცვლის. ეს ჩვენ მოვახერხეთ და ამაში ბატონი დიმიტროვის წვლილი დიდი იყო",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არასდროს გადაუხვევს ევროპული კურსიდან.