"ალიანსი საქართველოსათვის" თანათავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეუთანხმებლობას ლევან გაჩეჩილაძეს აბრალებს.
როგორც უსუფაშვილმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრობლემა სწორედ გაჩეჩილაძის გაურკვეველმა და ჩამოუყალიბებელმა ქმედებებმა შექმნა.
რაც შეეხება გაჩეჩილაძის მიერ გუშინ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან "ალიანსი საქართველოსთვის" დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა, უსუფაშვილი მკაცრად აკრიტიკებს და იმის დასამტკიცებლად, რომ "ალიანსი" სოცკვლევების გაყალბებით არ არის დაინტერესებული, გაჩეჩილაძეს თბილისის მერის არჩევნებში, ალასანიასთან გაჯიბრებას სთავაზობს.
"ალიანსი" კვლევების გაყალბებით არ არის დაკავებული და ვინც ამაში დარწმუნებული არ არის, შეუძლია თავისი ძალები არჩევნებში გამოსცადოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძის აზრით, ალასანიას არ შეიძლება მასზე მეტი რეიტინგი ჰქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მას 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობა არ მიუღია.