ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რეკომენდაციები ქართულ კანონმედბლობაში აისახება. ამ მიზნით მუშაობა უკვე დაწყებულია და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია კიდეც.
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" და „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები სწორედ, რომ EMSA-ს შენიშვნების ფონზე მომზადდა.
როგორც ცნობილია, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რეკომენდაციით, ევროკავშირის კომისიამ, 2010 წლის ნოემბერში, შეაჩერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი ქართული დიპლომების აღიარება, რამაც მნიშვნელოვანი სირთულეები შექმნა ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემაში.
შესაბამისად, საჭირო გახდა საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების არსებული სისტემის რეფორმირება და სათანადო კანონმდებლობის სრულყოფა, მისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.
ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებული იქნა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 9 იანვარს.
2012 წლის 16-25 ოქტომბერს, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ განახორციელა საქართველოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის აუდიტი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს მთავრობას 2013 წლის 6 თებერვალს.
2013 წლის 22 ნოემბერს, ევროკომისიის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირისაგან საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას.
ამასთან, მითითებული იქნა, რომ აუდიტის შედეგად გამოვლენილი შენიშვნების გათვალისწინება, სავალდებულოა მოპოვებული აღიარების შესანარჩუნებლად.