"ეროვნულმა საბჭომ" პროკურატურასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრები შეიტანა.
საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პარტიები მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელევასგან "სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიებზე (სტამბებზე) განხორციელებული ზეწოლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
"2010 წლის მარტში "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ხელშკრულება გააფორმა შ.პ.ს "იუ-სი-ემ"-თან (დირექტორი გივი აფაქიძე) ამავე მოძრაობის პროგრამის და კარდაკარის ანკეტების დასაბეჭდად. მარტის დასაწყისში შ.პ.ს "იუ-სი-ემ"-ში საგადასახადო ინსპექციამ შემოწმება დაიწყო. ამის გამო, კომპანიამ ვერ შეძლო მოძრაობის კომერციული შეკვეთაზე მუშაობის გაგრძელება. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ასევე ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს "თბილისელებთან'" (დირექტორი გრამიტონ ჩხაიძე) პროგრამის და კარდაკარის ანკეტების დასაბეჭდად. 25 მარტს ეს სტამბა დაილუქა, უკვე დაბეჭდილი 90 ათასი ანკეტის გატანაზე კი მოძრაობის წარმომადგენლებს უარი უთხრეს. ზ/ხსენებულ სტამბებზე განხორციელებული წნეხის გამო, შეუძლებელი გახდა ეროვნული საბჭოს (რომლის შემადგენლობაშიც შედიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები) გაზეთის გამოცემაც, რადგან პოლიტიკური პარტია "ხალხის პარტიის" მერობის კანდიდატის კობა დავითაშვილის საარჩევნო პროგრამის დაბეჭვდისთანავე სტამბა - "სიტყვა" (მდებარე გურამიშვილის გამზირზე) დაილუქა 2 მარტს და 10 დღის შემდეგ გახსნეს. სტამბაში ამჟამადაც იმყოფება საგადასახადო ინსპექცია და არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. ეროვნულ საბჭოში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო ასევე დაილუქა შ.პ.ს "სეზანი" და შეკვეთას ვერ ასრულებს... აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ: დაიწყოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ზ/აღნიშნულ ფაქტზე", - ნათქვამია საჩივარში.
საჩივარები მთავარ პროკურატურასა და ცესკოში კონსერვატიული პარტიის
გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ დღეს შეიტანა.