ქართველი დეპუტატები რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პაატა დავითაიას განცხადებით, პარლამენტარები საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის გამკაცრებისაკენ მოუწოდებენ.
"ჩვვენ ერთისმხრივ, უნდა მოვახდინოთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება და მსგავსი შემთხვევები თავიდან უნდა ავიცილოთ, და უნდა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე, რადგან ცალსახად გამოჩნდა ამ პროვოკაციული ფაქტებით, რომ რუსეთი არ აპირებს რაიმე კომპრომისზე წასვლას", _ განაცხადა პაატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ დუშეთის რაიონიდან გუშინ გატაცებული 16 ქართველის ბედი ისევ გაურკვეველია. რუსული საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობის განცხადებით, დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაადგენენ, რომ ქართველებს ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაასამართლებენ.
დაკავებულთა შორის არის 14 წლის მოზარდი, რომელიც სხვა მძევლებთან ერთად ახალგორის იზოლატორში იმყოფება.