რუსეთის ტელეკომპანია „პერვიი კანალის" საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამა „ვრემიაში" (21 სექტემბერი, 22.00) გადაიცა ვრცელი სიუჟეტი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით. მასში აღინიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი და დასავლეთი შეთანხმდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა:
„ევროპამ უნდა გაიხსენოს ის დაპირება, რომელიც მან მოსკოვს მისცა: ნატო ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების წევრ-ქვეყნებს ახლოს არ გაეკარებოდა, მაგრამ სულ მალე ისინი ყველა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიიღეს. ახლა ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ დროა ნატოში საქართველო და უკრაინა მივიღოთო... ბოლოს და ბოლოს, ევროპამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთს ამდენი მოთმენა არ შეეძლო და ის რეაგირებას მოახდენდა", - ამბობს ევროპარლამენტის წევრი ავსტრიიდან ევალდ შტადლერი.
გუშინვე, ამ საკითხზე აშშ-ის ტელეკომპანია „სი-ენ-ენ"-ის ჟურნალისტი ფარიდ ზაკარია ამერიკის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს ესაუბრა. მან უარყო, რომ დასავლეთმა ნატოს გაფართოებით რუსეთის საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა გამოიწვია: „იცით, იმის თქმა, რომ „აი, მე შენ საქართველოში შეჭრა მაიძულე, ან უკრაინაში, იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა, რომელიც მე მესაზღვრება, ნატოს წევრები არ უნდა იყვნენ"... მოდით რა, სერიოზულად ვილაპარაკოთ! ამის დაჯერება ხომ შეუძლებელია... მე არასდროს არ მითქვამს რუსებისათვის, რომ ნატო არ გაფართოვდება-მეთქი. მე ჩემს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნატოს გაფართოებას მხარს ვუჭერდი", - აღნიშნა ბილ კლინტონმა საუბრის დროს. მან დაადასტურა, რომ ეს საკითხი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთანაც განიხილა. „მე მას ასე ვუთხარი: ვიცი, მჯერა, რომ თქვენ პირადად აღმოსავლეთ ევროპას თავს არ დაესხმებით, მაგრამ თქვენ ხომ უკვდავი არ ხართ?". ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-სათვის ბორის ელცინი რუსეთის საუკეთესო პრეზიდენტი იყო.
ინტერვიუში ამერიკის ყოფილმა მეთაურმა გაიხსენა, რომ როცა უკრაინამ უარი თქვა თავის ბირთვულ არსენალზე, მაშინ მისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად რუსეთიც გამოვიდა, ხელიც მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. „დღეს კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის შესრულებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს დოკუმენტი უბრალო შეთანხმებაა და არა ხელშეკრულებაო", - აღნიშნა ბილ კლინტონმა.