„ნიუ-იორკ თაიმსი" აქვეყნებს ჯეისონ ჰოროვიცის სტატიას მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელსაც „ჯი-ეიჩ-ენი" მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
ბრუკლინში, სმორგასბურგის სასურსათო-კულინარულ ბაზრობაზე, მიხეილ სააკაშვილი ფლუოროსცენცული მწვანე სპორტული ფეხსაცმელებით მივიდა ტატუირებულ წვერმოშვებულ მამაკაცებთან და მყვირალა კომბინეზონებიან ქალებთან ერთად. მათ სხვადასხვა დელიკატესების საყიდლად რიგი დაიკავეს. მიხეილ სააკაშვილმა ქოქოსი შეუკვეთა.
„ჩემმა მეგობარმა, არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა შეიხმა საქართველოს 20 ათასი პალმა აჩუქა", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, როცა მან მაჩეტეთი გაპობილ ქოქოსიდან წვენი ჩხირის მეშვეობით რამდენიმე ღრმა შეწოვით გამოწრუპა, - „პირადი საჩუქრის სახით".
ბატონი სააკაშვილი მე-7 ნორთ-სთრითზე ნებაყოფლობით „დევნილობაში" იმყოფება. მისი ტრიუმფალური აღზევება და მკვეთრი დაცემა იმ მრავალი ამერიკელი სახელმწიფო ჩინოვნიკისთვის გამაფრთხილებელი ისტორია უნდა იყოს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ იგი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სანიმუშო ექსპორტიორი იქნებოდა.
გასული წლის ნოემბერში თანამდებობის დატოვების შემდეგ 46 წლის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჯორჯ ბუშ-უმცროსის ფავორიტი გახლდათ და რომლის კონფრონტაციამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2008 წელს საქართველო კატასტროფულ ომამდე მიიყვანა, ახლა ერთ-ერთ ცათამბჯენში არსებულ თავისი ბიძის ბინაში განცხრომით ცხოვრობს, უილიამსბურგის სანაპიროზე, ტრადიციულად მდიდრულ უბანში. ბოლო ხანს სააკაშვილი დიდხანს აღარ რჩება კაფეებში, ველოსიპედით ხიდზე სეირ-ნობასაც მოეშვა და აღარც მეგობრებთან ერთად ატარებს დროს საღამოოობით შეკრებებზე Wythe Hotel-ის სახურავზე. მისთვის პოლიტიკური „მაშველი რგოლი" გახდა უკრაინის კონფლიქტი, სადაც იგი ვლადიმერ პუტინთან თავისი ბრძოლის გამოცდილების გაზიარებას ცდილობს და უპირატებას ანიჭებს მხსნელის როლს პოლიტიკურ კონტექსტში.
„ეს პუტინის აღსასრულია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კონგრესის ლიდერებს შეხვდა. ბატონი სააკაშვილის თქმით, პუტინის ნაბიჯები ძალიან ჰგავს საქართველოში ჩადენილ ქმედებას: „მე ვფიქრობ, რომ იგი ხაფანგში გაება".
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წონაში ახლა უფრო მომატებულია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, ამბობს, რომ მისი როგორც „უდარდელი ლიდერის" რეპუტაცია უნდა გადაფასდეს - ლიდერისა, რომლის მიერ განხორციელებული „ვარდე-ბის რევოლუცია" წლების შემდეგ დაიჩ-რდილა პოლიტიკური ოპონენტების დევნით, კანონის უზენაესობის დარღვევითა და პუტინის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე წამოგებით - ომით, რომელმაც მრავალი ქართველის სიკვდილი და გაღატაკება გამოიწვია. „ყველფერი გადასინჯვას საჭიროებს", - თქვა მან. ექს-პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მას არ მოსწონს ბრუკლინური მშვიდი ცხოვრება და გული აღმოსავლეთ ევროპის დიდი საქმეებისაკენ მიუწევს, თან ამაყად ამბობს, რომ ალბანეთში ამასწინანდელი ვიზიტის დროს „ჩვენს გამო ქუჩაში მოძრაობა გადაკეტეს და 20-მანქანიანი კორტეჟი დაგვყვებოდაო".
მიხეილ სააკაშვილის პიროვნული რეაბილიტაციის საკითხი გართულებულია იმით, რომ მას სამშობლოში პროკურატურამ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა ადამიანის უფლებების დარღვევასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ექს-პრეზიდენტი ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და ინიცირებულია მისი დაუძინებელი მტრის, მარიონეტ-მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზოგიერთი კრიტიკოსი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შურისძიება ამოძრავებს.
ამჟამად ექს-პრეზიდენტი მემუარებს წერს, გამოდის „კარგად ანაზღაურებადი" მოხსენებებით, მონაწილეობს ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის შექმნაში და ხშირად სტუმრობს ძველ მხარდამჭერებს - სენატორ ჯონ მაკკეინს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, სანამ მისი ტურისტული ვიზა სამუშაო ვიზით შეიცვლება, ახალ სამშობლოში კაფე-ბარებში სიარულით ტკბება. მისი სახლის სახურავზე, საიდანაც მანჰეტენის მშვენიერი ხედები იშლება, ექს-პრეზიდენტმა სტუმრად ჰყავდა დევიდ პეტრეუსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, თვის ბოლოს კი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ელოდება...
„მე მანჰეტენის ამ ადგილებს ადრეც ვუყურებდი ხოლმე, ეს ძალიან უდაბური ადგილები იყო, სადავ მაფიის მიერ დაქირავებული მკვლელები გვამებს ყრიდნენ", - ამბობს სააკაშვილი და 1990-იან წლებს იხსენებს, როცა იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი იყო. „დღეს კი აქ ახალი მშენებლობები მიდის... უილიამსბურგი - ეს დემოკრატიული გარდაქმნების ნაწილია".
ბატონი სააკაშვილი ცდილობს ბევრი რამ დემოკრატიის კუთხით შეაფასოს. იგი ამბობს, რომ მოდური კაფე „მოდაგორი" მისი საყვარელი კაფეა, „რადგან იქ ყველაფერი ძალიან დემოკრატიულია", თუმცა იმავდროულად ჩივის, რომ უილიამსბურგში ცხოვრება ძვირია („მე ღარიბი არ ვარ, მაგრამ ფასები ნამდვილად იკბინება"). თავისუფალი მეწარმეობის ჩემპიონი ექს-პრეზიდენტი თავისი ახალი მეზობლების სოციალური აქტიურობით აღფრთოვანებულია. „ისინი ჯერ კიდევ ჰიპსტერებს ჰგავნან, მაგრამ უკვე ფულს აკეთებენ... ისინი უკვე საზოგადოების მარგინალი წევრები აღარ არიან".
ამას წინათ, უილიამსბერგის სასტუმრო Wythe-ში ერთ-ერთი პრემიერაზე დასასწრებად მიხეილ სააკაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად რიგი დაიკავა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდინეს (ვერ იცნეს) და ამიტომ უარი უთხრეს. „არა უშავს, ეს მაინც და მაინც ძალიან ფეშენებელური ადგილი არაა მანჰეტენზე".
ბოლო გამოსასვლელ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც „პრადას" შავი სათვალეები ეკეთა, ერთ-ერთ სტენდზე წიგნები იყიდა თავის მიერ დაარსებული საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისათვის. აქ, ამ ადგილზე, ხუთი თვის წინ ერთ-ერთ ქალბატონს იგი მსახიობი დი კაპრიო ეგონა. ახლა კი მასთან მანჰეტენზე მცხოვრები ქართველი ქალი ლალი ლობჟანიძე მივიდა და გაკვირვებული შეეკითხა - „თქვენ მიხეილ სააკაშვილი ხართ?". „ეს ჩემთვის დი კაპრიოზე უკეთესი მომენტი იყო", - ამბობს სააკაშვილი აღფრთოვანებით.
მართალია, ექს-პრეზიდენტს თანამემამულეები ხშირად ხედავენ, თუმცა მათი სააკაშვილისადმი დამოკიდებულება ერთმანეთისაგან განსხვავდება. „იგი დიასპორაში გაუცხოებას თესავს", - ამბობს ვახტანგ გომელაური, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. მან 2012 წელს, გაეროსთან, ამ ორგანიზაციაში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს, საპროტესტო აქცია მოაწყო ქართულ საპატიმროებში მომხდარი გაუპატიურობების გამო. თუმცა არის საპირისპირო მომენტიც: ქართველი სტუდენტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მეტროსადგურ „ბედფორდ-ავენიუზე" სამახსოვრო სურათები გადაიღო. „ეს ყველაფერი ვირუსივით წარმავალია", - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი.
მანჰეტენზე მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივ „ლ" მატარებლით მგზავრობს, იგი ხშირად სტუმრობს ისტ-ვილიჯზე მდებარე რესტორნებს „ოდას" და „პეპელას", უკვეთავს 2004 წელს ჩამოსხმულ ქართულ მშრალ ღვინოებს „ოროველას" და „საფერავს". აქ მან ახლახან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ერთად ისადილა.
კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი ასტორიაში (ქუინსი) ცხოვრობდა თავის ჰოლანდიელ მეუღლესთან - სანდრა რულოვსთან ერთად (იგი რესტორან „Cheesy Pizza"-ში მუშაობდა), სანამ მათ მანჰეტენზე მდებარე იურიდიულ ფირმაში სამსახური არ იპოვეს და ზემო ვესტსაიდში გადავიდნენ. ამჟამად სანდრა რულოვსი საქართველოში რჩება და უმცროს შვილთან ერთად, თბილისის ბინაში ცხოვრობს. უფროსი ბიჭი ედუარდი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა «iPad"-ზე სწრფ ბეჭდვაში, პენსილვანიის სვორტმორ-კოლეჯში სწავლობს.
როგორც ბატონმა სააკაშვილმა თქვა, იგი ელოდებოდა, რომ ტაფტის უნივერსიტეტში „მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწის" სტატუსის ვადა გაგრძელდებოდა, მაგრამ უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ ვადა საბოლოოდ მაისში დასრულდაო. ექს-პრეზიდენტს თავის მშობლიურ ალმა-მატერში - კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყება არც უცდია, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა პროფესორმა უთხრა, შეიძლება იურიდიულ სკოლაში მისთვის ადგილი მოიძებნილიყო. თუმცა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, განაცხადა, რომ [თუ ექს-პრეზიდენტი იქ მუშაობას დაიწყებს], იურიდიულ სკოლას პრობლემები შეექმნება: „შესაძლოა იგი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს... გარდა ამისა, არის ეჭვები მის პირად ქცევასთან დაკავშირებით".
აგვისტოში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა: იგი თურმე ფულს სასტუმროებში, მოდელებისა და პირადი სტილისტის მომსახურებაში ხარჯავდა, აგრეთვე ბოტოქსის ინექციის გაკეთებაში, თმების მოცილებაში, იტალიაში იახტის დაქირავებაში, ლონდონელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის ნახატების შეძენაში (ეს ქალბატონი საღებავწასმული შიშველი მკერდით ხატავს ტილოზე). გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს 2007 წელს გამართული საპროტესტო მიტინგის ულმობელ დარბევაშიც. თუ მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებენ, ამ ბრალდებით მას 11 წლით პატიმრობა ელოდება. კიდევ ერთი სკანდალური ბრალდება - მასაჟისტ-ექიმის დოროთი შტეინის მომსახურება 2009 წელს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას დოროთი შტეინი მხოლოდ ერთხელ მოემსახურა, თუმცა თვითონ მასაჟისტმა აღიარა, რომ მან პრეზიდენტს მასაჟი მრავალჯერ გაუკეთა, მათ შორის საფირმო სახითაც („კბენითი მასაჟი") და ამისთვის 2000 ევრო მიიღო. „მან ბევრი საჩუქარიც მისახსოვრა და თქვა, რომ ამაზე ჩემი ცოლი არაფერს იტყვისო. მან მომცა ოქროს ყელსაკიდი რელიგიური სახის კულონით, მაგრამ მას არ ვატარებ, რადგან მე ჩემი ღმერთი მყავს - ფრენკ ზაპა".
ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკური მიზანი აქვთ - „დაიწყო ჭინკებზე ნადირობა". „თქვენ ვერ ნახავთ [საქართველოს მსგავს] სახელმწიფოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის ხელმძღვანელები ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში იყვნენ და იმავდროულად ისინი არ გამდიდრებულან, კორუმპირებულები არ არიან და მათ არ აქვთ ანგარიშები ოფშორულ ზონებში", - ამბობს საკაშვილი და ამატებს: „ეს ჩემთვის საამაყოა".
როცა მიხეილ სააკაშვილი ფილმებს ან პიესებს არ უყურებს მეგობრებთან ერთად, იგი ველოსიპედით დასეირნობს, რაც მისთვის მთავარი გასართობია. „გინდათ ჩემი სურათი ველოსიპედთან ერთად?", - მეკითხება საუბრის დროს. ფოტოზე მას წითელი შორტები აცვია და მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე ყავის მაღაზიასთან დგას, სადაც წვერებიანი კაცები სხედან და თვლემენ. „აქ ხასიდთა უბანიც ვნახე, როცა ველოსიპედით დავდიოდი... ისინი დიდ შლიაპებს ატარებენ".