"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერ ბაჩუკი ქარდავას ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად აცხადებს, რომ "ედპ-ს" "მაინც ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს".
"ეს ორგანიზაცია ძალიან ავტორიტეტულია და მის ობიექტურობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტან, თუმცა 2 %, რითაც ამ კვლევის მიხედვით "ედპ"-ის რეიტინგი განისაზღვრა, ძალიან დაბალია. ჩვენ არჩევნებზე გაცილებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ", - განუცხადა პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მისივე განმარტებით, IRI-ის კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტი არსებობს, რომელიც პოლიტიკური პარტიების განვითარებას ხელს უშლის.
"ბოლო დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა, მათ შორის ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა რეიტინგებმა აჩვენებს, რომ ოპოზიციამ თავის ტაქტიკას უნდა გადახედოს, რომელიც, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით არ ვითარდება", - განმარტავს ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მმართველ ძალას აქვს.
სოციოლოგიური გამოკითხვისთვისა თბილისში 800, ხოლო რეგიონებში 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგები უკვე ყველა კვალიფიციურ პარტიას გადაეგზავნა.
სოციოლოგიური კვლევების შედეგად მოსახლეობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 36% აქვს, "ქრისტიან დემოკრატებს" - 10%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 8%, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - 6%, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 1%, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - 1% და არ მაქვს პასუხი - 35%.