მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე ლევან როინიშვილმა განუცხადა, ის იმ კვლევის შედეგებს უფრო ენდობა, რომელსაც მათი პარტია ატარებს.
"ჩვენ სოლიდურ კვლევას ვატარებთ, რომელსაც ბევრად მეტი რესპონდენტი ჰყავს, ვიდრე ამ გამოკითხვას და სურათიც ბევრად განსხვავებულია. მინდა გითხრათ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვა მხოლოდ სტატისტიკის თეორემაზე არ შეიძლება იყოს დაფუძნებული. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოკითხული 1 800 ადამიანი არ შეიძლება 4 მლნ ადამიანის აზრს გამოხატავდეს", - განუცხადა როინიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სოციოლოგიურ გამოკითხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარდაკარ შემოვლის პრინციპით ატარებს, რაშიც გაცილებით მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მმართველ ძალას აქვს.
სოციოლოგიური გამოკითხვისთვისა თბილისში 800, ხოლო რეგიონებში 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგები უკვე ყველა კვალიფიციურ პარტიას გადაეგზავნა.
სოციოლოგიური კვლევების შედეგად მოსახლეობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 36% აქვს, "ქრისტიან დემოკრატებს" - 10%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 8%, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - 6%, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 1%, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - 1% და არ მაქვს პასუხი - 35%.